ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის მიზანია საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, ოპონენტების გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა.
“დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!” – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცლემა გააკეთა. დიპლომატი მიიჩნევს რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, რადგან პრობლემები აქვს იმ სფეროებში, რომლებიც ევროკავშირისთვის საკვანძოა. ელჩი თვლის, რომ საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით. კარლ ჰარცელის პროგნოზით ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება.
“თავს შევიკავებ სპეკულაციებისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, თუ მეტი, პირობებით, თუ პირობების გარეშე, ერთი პრინციპული დასკვნა უცვლელი იქნება საქართველოსთვის – დროა, საქმეს შეუდგეს, ეს საქმე იქნება დაეწიოს მატარებელს, რომელიც ბაქანიდან გადის და დარწმუნდეს, რომ აღებული მატარებლის ბილეთი შემდეგ სადგურზე მიგიყვანთ. ერთი რამ ცხადია, ევროკავშირის გაფართოება მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უპრეცედენტო სიჩქარით მოძრაობს, საბოლოოდ არ იქნება სწრაფი პროცესი. ამავე დროს საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში არის მზარდი შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი – 10 მაისს გაუგზავნა. მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ უცნობია. ევროკომისიის შეფასება მზად, სავარაუდოდ, ივნისში იქნება.