რუსეთის ინფორმაციული ომიუკრაინაში, სამხედრო ინტერვენციიდან 2 თვის თავზე და ყალბი ინფორმაცია, რომელიც ომთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში ვრცელდება – „მითების დეტექტორი“ ქართულ, რუსულ, ბელარუსულ და უკრაინულ სოციალურ მედიას აკვირდებოდა და იმ ძირითადი გზავნილებისა და ყალბი ცნობების ტიპოლოგია გამოავლინა, რომლებიც 2 თვის განმავლობაში, 4 ქვეყნის სოციალური ქსელით ვრცელდებოდა. სანქციები არ მუშაობს, ის დასავლეთს უფრო მეტად ავნებს, ვიდრე რუსეთს. დასავლეთი ცდილობს უკრაინა წააქეზოს და ცდილობენ საქართველო ომში ჩაითრიონ – ეს ამ ყალბი ინფორმაციების მხოლოდ ნაწილია. კვლევიდან ირკვევა, რომ კრემლის პროპაგანდა ადამიანურ მსხვერპლზე რუსეთის პასუხისმგებლობის ასარიდებლად, მის მიმართ ბრალდებებზე კონტრბრალდებების ტაქტიკას მიმართავდა და ამკვიდრებდა მოსაზრებას, თითქოს უკრაინული მხარე მშვიდობიან მოსახლეობას სასიკვდილოდ თავად იმეტებდა, ხოლო მოსახლეობას საფრთხეს არა რუსეთის ჯარი, არამედ ბატალიონ „აზოვის“ და სხვა ე.წ. „ნაცისტური ჯგუფების“ ქმედებები უქმნიდა. ყალბი ინფორმაციის მიხედვით, უკრაინული მხარე ბუჩაში გარდაცვლილებს არ მარხავდა და ტურისტულ სანახაობად იყენებდა.
ერთ-ერთი დეზინფორმაცია შეეხებოდა შეთქმულების თეორიებს, რომლის მიხედვითაც უკრაინა სოდომ-გომორის ცოდვების, ხოლო ზელენსკის რეჟიმი მართლმადიდებლობასთან ბრძოლის გამო ისჯებოდა, რაც თანხვედრაში იყო ომთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქის კირილეს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან, რომლის თანახმად უკრაინაში ომის მიზეზი ლიბერალური დასავლური ღირებულებები და გეი აღლუმების მიმართ დონბასელების მიუღებლობა იყო. საერთო ჯამში, გამოვლენილია 160 ყალბი და მანიპულაციური ფაქტი, რომელიც ძირითადად რუსულ და ქართულ წყაროებში ვრცელდებოდა და უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული. გამონაკლისი არც საქართველოა. კრემლისტური პარტიების ადამიანური და მედიარესურსების გარდა, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ჩართულები იყვნენ ანტივაქსერები და რელიგიური აქტორები.