“ქართული ოცნება” პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ, გუშინ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარმოთქმული განცხადებები ხდება. კრიტიკის ავტორი, “ქართული ოცნების” თავჯდომარე, ირაკლი კობახიძეა. მან პრეზიდენტის სიტყვიდან – ორი თემა – სასამართლო სისტემა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოყო და თქვა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში არასწორი აქცენტები იყო დასმული. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პრობლემაა, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით იყო უარგუმენტო კრიტიკა და თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამართლიან სასამართლოს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ. პრეზიდენტმა გამოსვლისას მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს და თქვა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს. მან მსგავსი განწყობების ხელოვნურად შექმნაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა.
ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ, “ქართულმა ოცნებამ”, კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, როცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მთავრობამ არ მისცა ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტების განხორციელების უფლება.