“მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის” – სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავცელებს. უწყება ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმეებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ 25 მაისს, სააკაშვილთან გამოძახებული იყო ექიმი, რომელსაც უთხრა, რომ გონება დაკარგა, თუმცა ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები არ გამოვლენილა. ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა ,,ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მიხეილ სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა” – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.