რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება, წოლით რეჟიმში ვიმყოფები- სააკაშვილის წერილი ციხიდან | 24.05.2022

“ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები,” – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის იმ წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის  მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს წაუკითხა. როგორც სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, მას თავის ტვინში დაუდგინდა გარკვეული ცვლილებები.

ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტს თავის ტვინის ტომოგრაფია ჩაუტარდა. 400 გვერდიანი მასალა ექსპრეზიდენტის პირად ექიმს უკვე გადაეგზავნა, ახლა ნიკოლოზ ყიფშიძე დოკუმენტს ეცნობა და დასკვნის გასაჯაროვებსითვის ემზადება.

მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  კლინიკა „ვივამედი”.   გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის   ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა.  განცხადების თანახმად, მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ – არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. კლინიკა მოუწოდებს, ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მიხეილ სააკაშვილი კვირაზე მეტია კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს. ალტერნატიული კონსილიუმის წევრები თახნმდებიან, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარება საყურადღებოა.  იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაცული იქნება და მისი საზღვარგარეთ გადაყვანი აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.