“მთავარი არხის” დირექტორის გათავისუფლების საკითხზე სასაუბროდ დღეს ჟურნალისტები აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. ამბობენ, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ნიკა გვარამია დროულად გათავისუფლდეს. შეხვედრის დეტალებსა და თავად კელი დეგნანის პოზიციაზე მედიამენეჯერებს არ უსაუბრიათ, თუმცა თქვეს, რომ განწყობა პოზიტიურია. ახლა ჟურნალისტები ნიკა გვარამიას საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.
“გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ნედ პრაისის თქმით, აშშ მკაფიო და გულწრფელია ქართველ პარტნიორებთან, როცა საუბარია დემოკრატიის საყრდენების განმტკიცების უწყვეტობაზე და ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას. მისივე თქმით, გააგრძელებენ პარტნიორობას ქართველ ხალხთან მის დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.
მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში, რომელიც “პორშესა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. “მთავარი არხის” დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.