5 მოქმედი მოსამართლე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მომჩივნები არიან: ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია. მოსამართლეები სარჩელში დავობენ კანონში რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობაზე – მათ შორისაა გამოხატვის თავისუფლება. მომჩივნები აცხადებენ, რომ გასაჩივრებული ნორმით მათ ეზღუდებათ სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო გამოხატვა. გარდა ამისა, მოსამართლეები დავობენ მივლინებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას. მომჩივანი მოსამართლეები ამ ცვლილებებს “სადამსჯელო ღონისძიებად” მიიჩნევენ.
როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო 5 მოსამართლის სარჩელთან დაკავშირებით- ამ ეტაპზე უცნობია.