საქართველოში დასავლური კურსის მხარდაჭერა ურყევია, ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის 72%-ის სურვილია – ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც USAID-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეების ამ სურვილის პარალელურად, დასტურდება, რომ ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პრობლემაა საზოგადოების მიერ ასეთი ინფორმაციის ინდეტიფიცირების შესაძლებლობა და უნარები, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, გამოკითხულთა თითქმის მესამედი ეთანხმება ანტიამერიკულ პროპაგანდისტულ გზავნილს, თითქოს ამერიკას საქართველოს ტერიტორიის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება სურს. მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმაზეც, თუ როგორი უნდა იყოს რიტორიკა რუსეთის მიმართ, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთის მკაცრი კრიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, მოსახლეობის 47%-ის აზრით, საქართველომ თავი უნდა აარიდოს რუსეთის განაწყენებას, რათა ვაჭრობა და ტურისტების ნაკადი შეინარჩუნოს. კვლევა უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩატარდა.
კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში სულ 3,024 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.7%ია. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლოებისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.