ემზადება თუ არა ხელისუფლება მედიის კონტროლისთვის – კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა, კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. ცვლილება, რომელიც არჩევნებამდე 3 თვით ადრე იგეგმება, მაუწყებლებს უამრავ კითხვის ნიშანს უჩენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ახალი რედაქცია ტელეარხებს პირდაპირ არ მოიაზრებს, პროექტში მაინც გარკვევით წერია, რომ გარკვეული ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონშიც შედის.
რეგულაციების ახალი პროექტი მედია მენეჯერების მწვავე კრიტიკას იწვევს. ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, კახა ბექაური ამ ცვლილებებს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს და კრიტიკულად განწყობილ მედიებს კიდევ უფრო მეტ რეგულაციას დაუპირისპირებს. მიზანი კი მისი თქმით კრიტიკული მედიის გაჩუმებაა. პროექტს კრიტიკულად აფასებენ სხვა არხების ხემძღვანელებიც და ნინო ჯანგირაშვილის მსგავსად თვლიან, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის დამორჩილებას ცდილობს.
მედია საშუალებების წარმომადგენლებს კითხვები აქვთ, ამავე პროექტის კიდევ ერთ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მარეგულირებელი კომისიის განჩინება დროებითი შეჩერების მექანიზმს არ დაექვემდებარება. ტელეკომპანიების მიერ გამოთქმულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს თავად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაში, სადაც ამტკიცებენ, ცვლილებები მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს შეეხებათ და ამას მაუწყებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მარეგულირებელი კომისიისა და საქართველოს მთავრობის მიერ დააანონსებულ ახალ რეგულაციებში ბევრ ბუნდოვანებას ხედავენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ კომისიამ კანონზე მუშაობისას ამ სფეროში მომუშავე კომპანიების აზრი არ გაითვალისწინა, რამაც კანონისადმი კითხვები კიდევ უფრო მეტად გაზარდა.
რეგულაციების ახალ ტალღას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციშიც. მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას პუტინის მეთოდებით ებრძვის, რისი მიზანიც, კრიტიკული მედიის გაჩუმებაა. ისინი განსაკუთრებულ საშიშროებას კანონის იმ ნაწილში ხედავენ, რომლის მიხედვითაც ბექაურის უწყებას ამა თუ იმ კომპანიის წილების აუქციონზე გაყიდვის უფლება ექნება.
ბექაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაწერილი ეს კანონი ახლა უკვე საქართველოს პარლამენტშია. საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აწერს, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა აუცილებელი მიზეზიდან გამომდინარე დეპუატატებმა ის დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ.