საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ასახელებს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას დათანხმდება. განცხადება რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანა დღეს შესთავაზა, მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით მიიღეს. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკაში სააკაშვილს გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ის თავად ამბობს უარს სრულფასოვან მკურნალობაზე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მწვავე დასკვნა 27 აპრილს გაასაჯაროვა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა. თქვეს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ფონზე მას ანორექსია განუვითარდა. ექიმები ამბობენ, რომ ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს.