დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებენ. მიზანი რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევაა. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დადეს პირობა, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად, მათ შორის, რუსული ნავთობის აკრძალვით შეაჩერებენ. გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ მიიღეს. დიდი შვიდეულის ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია, განსაკუთრებით გაეროს წესდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, რომ თაობები ომის უბედურებისგან დაეცვა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და უკრაინის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.
ომში რუსეთის დამარცხებაში დარწმუნებულია გერმანიის კანცლერი. “უკრაინა არ მიიღებს რუსულ დიქტატურას, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს,” – ამის შესახებ ოლაფ შოლცმა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შოლცმა გაიხსენა, „როგორ იბრძოდნენ რუსები და უკრაინელები ერთად და გაიღეს დიდი მსხვერპლი მკვლელი ნაციონალ-სოციალიზმის დასამარცხებლად“. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, მისი ბარბაროსული ომი ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლას შეადაროს, რაც ტყული და ისტორიის გაყალბებაა.
რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს ამერიკის შეერთებული შტატები. შავ სიაში გაზპრომბანკის 27, სბერბანკის 8 აღმასრულებელ ხელმძღვანელი და სამი რუსული პროპაგანდისტული ტელევიზია მოხვდა. ახალი სანქციების მიხედვით, ამერიკელებს ეკრძალებათ რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსული კომპანიებისა და ელიტის მხრიდან სიმდიდრის დაგროვების, ქონების დამალვისა და სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებით. სანქციების სიაში, ასევე, მოხვდა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი 10 შვილობილი კომპანია.