ალან გაგლოევი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი გახდა. ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება აღიარა და კონკურენტს, პარტია „ნიხასის“ ლიდერს, წარმატებული მუშაობა უსურვა. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია “დამოუკიდებელ რესპუბლიკად” აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო ქართულმა მხარემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება. უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღნდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე.