შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, საბედისწერო ღამეს 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს. ზარის მიხედვით, საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ნარეკვავის დასახლებაში დახმარებას და არაგვის ხიდზე მისვლას ითხოვს. თუმცა 112-ის ოპერატორის კითხვებით, ირკვევა, რომ პოლიციამ დაპირისპირების ადგილს ვერ მიაგნო, რის შემდეგაც იაკობ ბრეგვაძემ საპატრულო ეკიპაჟის გამოძახების გაუქმება ითხოვა.
იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მას შემდეგ ჩათვალა, რაც მედიისთვის ოქროს მოწმის ჩვენება გასაჯაროვდა. ფოტოგრაფი ყვებოდა, რომ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდნენ და ტერიტორიაც ისე დატოვეს, რომ კონფლიქტის შესახებ დეტალები არ გაურკვევიათ. საგანგებო ბრიფინგზე დღეს საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში, საქმე პროკურატურას გადაეცემა.
საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში “შკოდას” ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაგზავნა.
საგანგებო ბრიფინგზე დღეს ისევ არაფერი უთქვამთ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებებზე. უწყება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩავარდა, თუ ცხედარი მდინარეში გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გახმაურებულ საქმეზე ამ დროისთვის 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული.
გახმაურებული საქმის გამოძიების დასრულებას მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები აჭიანურებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, თუმცა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უწყება არ გამორიცხავს, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება კიდევ დამძიმდეს. მათ შორის შესაძლოა სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირების გამო, ბრალდებულთა სკამზე გარდაცვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც აღმოჩნდნენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. სპორტსენის გაუჩინარებას წინ მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულება უძღოდა. გამოძიების ვერსიით, აგარაკზე მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა და მცხეთაში რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი სწორედ აქედან იკარგება.