მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს – განცხადება დღეს საქართველოში ამერიკის ელჩმა გააკეთა. კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება.
“ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის, მიმართ სრული ნდობა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა კომენტარი გააკეთა, უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გაეკთებულ განცხადებებსა და ოფიციალური თბილისის პასუხებზეც. კელი დეგნანითვლის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა, რადგან ჩხუბი სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ.
კელი დეგნანმა ისაუბრა, ქვეყნის შინგნით არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებაზეც. თქვა, რომ ახლა დროა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ მუშაობა ამ მომავლისთვის. მისი თქმით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და არა იჩხუბოს.