გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ | 28.04.2022

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად,  უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებები დაიწყო საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატმა.  როგორც სოფო ჯაფარიძემ რუსთავის ციხესთან გამართულ  ბრიფინგზე თქვა, ის ხელსიუფლებას უცხოური კლინიკებისგან მიღებულ ყველა წინადადებას შესთავაზებს იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. ექსპრეზიდენტის მდგომარებას საგანგაშოს უწოდებს პოლტიკოსი  გიგი უგულავა. მან  საზოგადოებას აქტიურობისკენ  დღეს რუსთავის ციხიდან მოუწოდა.

ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებების ფონზე,  „ქართული ოცნება“ არც პოზიციას და არც რიტორიკას ცვლის.  მმართველი პარტიის  თავმჯდომარი თქმით,  ყველა ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, იმ განზრახვის ნაწილია, რომ საქართველოში ომის გაჩაღდეს. ჩამონათვალში ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველიც ახსენა და თქვა, რომ ნინო ლომჯარია იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ომის პარტია ჰქვია.  მმართველი პარტიის ხელმძღვანელი კვლავ რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს, მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის არევა იყო, რასაც გიორგი გახარიასთან და მამუკა ხაზარაძესთან ერთად ხელისფულებაში მოსვლა უნდა მოჰყოლოდა.

“კონსილიუმის დასკვნა “ქართული ოცნებისთვის” შესაძლოა, დიდ თავის ტკივილად იქცა” – ასე პასუხობს სახალხო დამცველი ირაკლი კობახიძის ახალ თავდასხმას და ბრალდებებს. ლომჯარია ფიქრობს, რომ ეს ბრალდებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთი კომპეტენტური და კვალიფიციური არგუმენტი ვერ თქვა ექიმების გუშინდელი  დასკვნის გასაბათილებლად. გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი სამედიცინო სერვისი დროულად არ მიიღო, შესაძლოა სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს. ლომჯარია ხელისუფლებას დარგის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ანორექსია,  კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი – სახალხო დამცველის ექიმების  ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად  აფასებს და მისთვის კომპლექსური სამედიცინო რეაბილიტაციის აუცილობლობაზე საუბრობს. გუშინ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება და კუნთების განლევაა დაწყებული.