ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც დღეს წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად მისულ ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანეს, განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ისინი მიტროპოლიტს შეძახილებით შეხვდნენ და მისი მიმართულებით ხურდა ფული ისროლეს. როგორც ერთ-ერთმა განკვეთილმა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მიტროპოლიტის ტაძარში მისვლის წინააღმდეგი არ ყოფილან და არსებობდა შესაბამისი შეთანხმებაც, თუმცა დაპირისპირება ჩოხოსნების ქცევამ გამოიწვია, როცა განკვეთილ სასულიერო პირებს ხატებისა და სანთლების გაყიდვის უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა – საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.