“საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს” – შესაბამის განცხადებას 18 არასამთავრობო ოგანიზაცია ავრცელებს. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
“მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით. მოვითხოვთ, მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.