“შეშფოთებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით,” – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან გასული წლის დეკემბრიდან, დამოუკიდებელ ექიმებს არ უშვებენ. უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი – კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და უკრაინის გმირი ხალხის დახმარება. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე,” – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.