უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. კრემლის მიერ ჩადენილ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს. მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ოფიციალურ მოსკოვს ბრალს სდებენ კაცობრიობის ყველაზე მძიმე დანაშაულში და უკრაინის სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებას აგრძელებენ. უკრაინამ პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემს ცაში უფრო მეტი ავიაცია ჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში, დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა მიანიშნეს რომ თვითმფრინავები კიევს არა შეერთებულმა შტატებმა, არამედ ნატო-ს სხვა ქვეყნებმა გადასცეს. თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინას ახლა უფრო მეტი საბრძოლო თვითმფრინავი აქვს ვიდრე ორი კვირის წინ ჰქონდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე, შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით საარტილერიო სისტემებს გაუგზავნის. ვაშინგტონი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალ, 800 მილიონიან პაკეტსაც ამზადებს.
უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ მსოფლიო ლიდერები საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართული ონლაინ შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა. უკრაინას მეტ საარტილერიო სისტემას მიაწვდის დიდი ბრიტანეთი. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთთან კონფლიქტი ახალ ფაზაში შედის, ამიტომ ოფიციალური ლონდონი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას გააძლიერებს. დიდ ბრიტანეთს სურს, უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გადასცეს.
უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავს გერმანიაც, თუმცა, კერძო მწარმოებლების გავლით. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ამოწურა იარაღი, რომელიც შეუძლია უკრაინას თავისი მარაგებიდან მიაწოდოს, გერმანიის მთავრობა სამხედრო აღჭურვილობის კერძო მწარმოებლებთან იმუშავებს. გერმანია იარაღის მწარმოებლებს დაეხმარება კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდებაში. უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის ნიდერლანდებიც. უკრაინისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე განცხადება გააკეთა კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომაც. გარდა ამისა, კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის რეჟიმთან ახლო კავშირში მყოფ 14 ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს და ოლიგარქებს.
ომის ახალი ფაზის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღი და თავდაცვითი სისტემაა საჭირო. უკრაინის პრეზიდენტი ისევ მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მათ სამხედრო შეიარაღებით დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ათასობით მსხვერპლის თავიდან აცილება და ოკუპანტზე გამარჯვება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის არმია ისტორიაში ყველაზე პირსისხლიანი არმიის სახელით შევა.