ერთობლივი შეთანხმება ვერ შედგა. საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაყვება პაპუაშვილს უკრაინაში, თუმცა როგორც პაპუაშვილის კაბინეტიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად არ გაემგზავრებიან. ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე საპარლამენტო დელეგაცია შეიქმნება, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკომპლექტებული. მათივე თქმით, სურვილის შემთხვევაში აღნიშნული დელეგაცია ღია იქნება „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.
უკრაინელი ხალხისთვის სამძიმრის გამოხატვას ქართული დელეგაცია უახლოეს დღეებში აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკოსები მეგობარ ქვეყანაში პარასკევს, ან შაბათს გაემგზავრებიან. უკრაინაში ვიზიტის წინაპირობა ომში მყოფი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის მხრიდან წერილობითი მიწვევა იყო. რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები ბუჩაში იმ სისასტიკის საკუთარი თვალის სანახავად მიიწვია, რომელიც იქ რუსებმა ჩაიდინეს.