წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დასავლელი ლიდერების მოლოდინი სკეპტიკურია. ვარაუდობენ, რომ რუსეთ უკრაინას შორის, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული განცხადებები და შეთანხმება მოჩვენებითია და აგრესორი ქვეყნის მიერ გაცემული პირობები მხოლოდ ფურცელზე დარჩება. მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები და ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ მზადყოფნა გამოთქვეს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. მედიის ცნობით, კანცლერის პრესსპიკერს, შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია, უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, განცხადება გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა გააკეთა. ვუდვორდის თქმით, დიდი ბრიტანეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი უკრაინაში ომის დასრულებისთვის და შეასრულოს როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაშიც, თუ კიევიდან შესაბამისი თხოვნა იქნება. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ბორის ჯონსონის პრესმდივანმაც. მან არ გამორიცხა, რომ ბრიტანეთმა თურქეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორის როლი შეასრულოს.
ოფიციალური მოსკოვის არ სჯერა პენტაგონსაც. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ კიევის მახლობლად რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის შეცვლას უფრო ჰგავს, ვიდრე უკრაინიდან ჯარის გაყვანას. შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანის თქმით, კიევს რუსეთის ჯარები მხოლოდ მცირე რაოდენობით შორდებიან და რუსეთი დღესაც აგრძელებს ავიაიერიშებს ქალაქზე. მისივე თქმით, რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად არის მათი საბოლოო დანიშნულება. სავარაუდო როტაციის მიზანი კი იმ განცდის შექმნაა, რომ ოკუპანტებს კიევის აღების ინტერესი აღარ აქვთ.
ამერიკის შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება და უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, ვაშინგტონი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას. „ვნახოთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი, რასაც გვთავაზობს“ – ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსული მხარის განცხადებას, რომ სამხედრო მოქმედებებს კიევზე შეამცირებს. ჯო ბაიდენმა ასევე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონი საუბრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ისინი დაელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, ამავდროულად კი გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ განსხვავებაა, რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს ის. მისივე თქმით, შტატებს არ უნახავს ნიშნები, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულადაა განწყობილი.
გუშინ, სტამბოლში მოლაპარაკებისას, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. გარანტორ ქვეყნებად კი უკრაინა დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, თურქეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს განიხილავს. ამ ქვეყნებმა ვალდებულება უნდა აიღონ, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უკრაინას თავდაცვაში დაეხმარებიან.