“ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ადმინისრტრაციას ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით სიცრუეში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს დოკუმენტების გასაჯაროებით ემუქრება. “ოცნება” ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და რეალურად ზურაბიშვილი მთავრობის მიერ წარდგენილ ელჩებს ბლოკავდა. თუმცა განსხვავებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვერსია, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა ყველა წარდგენილი ელჩის კანდიდატურის დანიშვნას ხელი მოაწერა.
სალომე ზურაბიშვილს ოცნების ბრალდებებისთვის პირადად არ უპასუხია. მისი ადმინისტრაციის განცხადებით კი პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას იწვევს. მანამდე ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, მისი ევროპაში ვიზიტების გამოც დაუპირისპირდა, საბოლოოდ მმარტველმა ძალამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებაც კი გადაწყვიტა.