უკრაინაში დაღუპულ მებრძოლების დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება. გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში დილით ჩამოასვენეს.
ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სამხედროები საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს. გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამხედროების ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ, რომელთაც უკრაინისა და საქართველოს დროშებისა და სანთლების თანხლებით, გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრები ანუგეშა. პრეზიდენტი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც უკრაინაში დაღუპული მოხალისეების სამშობლოში ჩამოსვენებას დაესწრო.
ქართველი მოხალისე მებრძოლები, ბერიაშვილი და რატიანი, 18 მარტს ქალაქ ირპინის ფრონტის ხაზთან დაიღუპნენ. ისინი უკრაინის დედაქალაქს, კიევს რუსეთის აგრესიისგან იცავდნენ. უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა. როდის მოხდება მისი ცხედრის გადმოსვენება, ჯერჯრობით უცნობია.