ევროკავშირი რუსული ნავთობის შეძენისთვის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანახმად, რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვას ბალტიისპირეთის ქვეყნები მოითხოვენ, თუმცა, გერმანია აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება მეტისმეტად სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ენერგოპროდუქტებზე ევროპაში ფასები ისედაც მაღალია. უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს უკვე დაუწესა მკაცრი სანქციები, მათ შორის, გაყიდა ცენტრალური ბანკის აქტივები. პერსონალური სანქციები კი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ოლიგარქებს შეეხოთ.
უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება ამ კვირაში ბრიუსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტისას განიხილება, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს. ჯო ბაიდენი პარასკევს ვარშავაშიც ჩავა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდება და უკრაინაში მიმდინარე ომსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელებს.
დასავლეთი ღელავს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ე.წ. ცრუ ოპერაცია მოაწყოს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებით. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, მას შესაბამისი პასუხი გაეცემა არამხოლოდ ამერიკიდან, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებიდან. ლოიდ ოსტინი არ აკონკრეტებს, რა სახის იქნება პასუხი, თუმცა ამბობს, რომ ამერიკა მსგავს ქმედებას ვერ შეეგუება. ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მოსკოვის რიტორიკა და მუქარა მიუღებელია და საერთო საქმეს არ წაადგება.
უკრაინისადმი სოლიდარობის დემონსტრირებისთვის კიევში ჩასვლას არ გამორიცხავს ბორის ჯონსონი. ბრიტანული მედია „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმა ოფიციალურ პირებს სთხოვა, შეაფასონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის საკითხები. როგორც მედია წერს, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური საომარი მოქმედებების ზონაში პრემიერის ვიზიტს არ მიესალმება, თუმცა პრემიერს კიევში ჩასვლა სურს. ჯონსონი ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე 1 572 000 დოლარამდე გამოყოფს. დასავლური მედია მიიჩნევს, რომ ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ჩინეთისთვის კონკრეტული შედეგები დადგება, თუ ის რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას მიიღებს. პარალელურად, შტატებში ჩინეთის ელჩმა, ცინ განგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სამხედრო დახმარებას არც ერთ მხარეს არ აწვდის. კითხვაზე – შეწყვეტს თუ არა ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, ელჩმა პასუხად აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობა ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარების შესახებ დეზინფორმაციაა.
3 დღეში ერთი თვე გახდება, რაც უკრაინაში ომია. ომი, რომელმაც მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა. უკრაინაში ლტოლვილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ომის გამო საცხოვრებელი 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ბომბებს გაქცეული უკრაინელების უმრავლესობა თავს პოლონეთს აფარებს, ნაწილი უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში გადავიდა. უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადადიან მათ შორის, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. მათ თავშესაფარს, მინიმუმ, 6 თვით მისცემენ, ხოლო ყოველთვიურად 350 ფუნტს გადაუხდიან.