“ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში. როცა ოკუპანტი ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზეა, უნდა დავამარცხოთ” | 14.03.2022

რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას აგრძელებს. დილიდან იბომბება კიევი. ცოტა ხნის წინ ჭურვი 5 სართულიან შენობას დაეცა. აფეთქება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. არსებული ინფორმაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კიევში დაიბომბა 9 სართულიანი კორპუსიც. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 7 საათსა და 40 წუთზე მოხდა. შენობა თითქმის სრულად დამწვარი და განადგურებულია.  მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანები ფანჯრებიდან გამოიყვანეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა თვითმფრინავების მწარმოებელ ქარხანაზეც.

ისევ იბომბება  ხარკოვიც, თუმცა რუსულმა არმიამ ქალაქის აღება ამ დრომდე  ვერ  შეძლო. ხარკოვის ცენტრში ავიაიერიშის შედეგად 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ადგილზე მაშველები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ხარკოვი უკვე ორ კვირაზე მეტია ინტენსიურად იბომბება.

კრიტიკული ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში, სადაც ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმნიტარული დახმარების მიწოდება. ქალაქი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული, თუმცა რუსულმა ჯარმა ვერც მისი აღება ვერ შეძლო.  ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მარიუპოლი ცეცხლის ალშია გახვეული. მოსახლეობის ევაკუაცია კი ამ ქალაქიდან ისევ ვერ ხერხდება. ადამიანები საკვების და მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილი. არსებული ინფორმაციით ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე სწორედ მარიუპოლში დაიღუპა.

ისევ ინტენსიურად იბომბება ჟიტომირი, ნიკოლაევი, ირპენი, ახტირკა და უკრაინის სხვა ქალაქები. საოკუპაციო ძალები ძირითადად მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. მიწასთან არის გასწორებული საცხოვრებელი სახლები და სკოლები. არიან დაშავებულები

უკრაინის  პრეზიდენტი პირობას დებს რომ დანგრეულ ქალაქებს აღადგენს, თუმცა მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი  მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან საკუთარი ქვეყანა.

“უკრაინა ჩვენთვის უბრალოდ მიწა არ არის, ეს ჩვენი სამშობლოა. ოკუპანტებისთვის კი ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ისინი უნდა განვდევნოთ. მტერს სერიოზული ზიანი მივაყენეთ. ოკუპანტებმა უკვე აღარ იციან საბრძოლო რეზერვი სად ეძებონ ან როგორ შეავსონ. რუსეთი ამ ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა და ბოროტების ჩასადენად დიდი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა. მისი მიზანია მეზობლების, უკრაინისა და ევროპის განადგურება. ეს დაუშვებელია. უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე! რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, აგრძელებს თავდასხმას ჩვენს ქალაქებზე. მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში. ყველა უკრაინელის სახლს და ბინას. ახლა, როცა ოკუპანტი ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზეა, ის უნდა დავამარცხოთ, როგორც შეგვიძლია. დაიცავით ქალაქები, დაიცავით სოფლები, დაიცავით ჩვენი მიწის ყოველი მეტრი. ერთადჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!” – ვოლოდიმირ ზელენსკი.

საპროტესტო აქციებს არ წყვეტენდროებით ოკუპირებული  ხერსონისა და მელიტოპოლის მაცხოვრებლები. მოქალაქეები ოკუპანტებს შიშველი ხელებით უპირისპირდებიან. ამის გამო მელიტოპოლში დღეს საოკუპაციო ძალებმა უკრაინელებს აქციების გამართვა აუკრძალეს. ოკუპირებულ ქალაქში რუსეთის მიერ დანიშნულმა მერმა კი განაცხადა, რომ რეგიონში რუსული ტელეარხები დაიწყებენ მაუწყებლობას. გალინა დალინჩენკო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სანდო ინფორმაციის დეფიციტის გამო მიიღეს. რუსეთმა დანილჩენკო მელიტოპოლის მერად მას შემდეგ დანიშნა, რაც ოკუპნტებმა ქალაქის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაშ 90 ბავშვი გარდიცვალა, 100 კი დაშავდა. ყველაზე მეტი დაშავებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებშია. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 379 სასწავლო დაწესებულება, რომელთა შორის 59 სრულად არის განადგურებული. ყოველდღიურად იზრდება ლტოლვილთა რიცხვიც. ამ დროისთვის უკრაინა უკვე 2 მილიონ 700 000-მდე ადამიანმა დატოვა. უკრაინის ხელისუფლება ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით დაბომბილი ქალაქებიდან ადამიანების გამოყვანას აგრძელებს

რუსეთი სამხედრო ოპერაცია უკრაინაში უკვე 19 დღა გრძელდება. დღითიდღე იზრდება ოკუპანტის დანაკარგები. ვრცელდება კადრები რომელშიც ჩანს როგორ ანადგურებენ უკრაინელი სამხედროები რუსულ კოლონებს, ტანკებს, ვერტმფრენებს და სხვა სამხედრო ტექნიკას. ბოლო მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში უკვე 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.