რუსეთის აგრესიის ამსახველი უმძიმესი კადრები უკრაინის ჰიმნის ფონზე. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად- წუთიერი დუმილით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა მოისმინეს სახელმწიფო ინსტიტუტების პირველმა პირებმა, დიპლომატებმა, სასულიერო პირებმა, ქვეყნის პრემიერმა და მთავრობის წევრებმა. პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელისუფლებას ღიად დაუპირიპირდა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს.
პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი, ოპოზიციაც გახდა. სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ თემის განხილვას არ აპირებს.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა თხოვნით, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვების დაწესებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ 26 თებერვალს უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.
ზურაბიშვილმა ევროპაში მის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან. პრეზიდენტის ინიციატივაა, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომლის ხელმძღვანელიც, შესაძლოა, ოპოზიციიდან იყოს არჩეული.
მწვავე და კრიტიკული გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს შემაჯამებებლი სიტყვის უფლებით აღარ უსარგებლია. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.