„ღარიბაშვილი პუტინის ნარატივს განაგრძობს“ – პრემიერ-მინისტრის ხმაურიანი განცხადებები | 28.02.2022

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე ითამაშოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი მიზანია, რომ საქართველოში 2008 წლის უბედურება განმეორდეს. უკრაინის ომზე საუბრისას ქვეყნის მეთაურმა  თქვა ისიც, რომ ოპოზიციის ლიდერები გულანთებული ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ.

მაშინ, როცა ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის, საქართველოს პრემიერი პარლამენტის წინ გამართულ მრავალრიცხოვან აქციებს იწუნებს. “სამარცხვინო” – ასე უწოდა ღარიბაშვილმა თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციას, სადაც ნონო ქათამაძემ სოლიდარობის ნიშნად იმღერა. აკომპანირებას კი ნიკოლოზ რაჭველი უწევდა.

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში  უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კი პრემიერის შეფასებით, ეფექტურად არ მუშაობს.

ირაკლი ღარიბაშილმა ხმაურიანი განცხადებები რამდენიმე დღის წინაც გააკეთა.  პრემიერი ფიქრობს, რომ უკრაინაში  ჩასვლა არაფრის მომცემია.  ქვეყნის მეთაურმა  ისიც თქვა, რომ   “ქართული ოცნება” არ აპირებს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ დაწესებულ საერთაშორისო სანციებს შეუერთდეს.  განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას მხოლოდ დააზიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ხალხმა საპროტესტო აქციებით უპასუხა, რომელიც ყოველდღიურად ექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქუჩაში გამოსვლით, ყოველდღე ამბობენ, რომ   ხელისუფლების პოზიცია  ხალხის აზრს  არ ემთხვევა და ქართველები უკრაინელების  გვერდით დგანან.