უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიდან პირველი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელსი გაავრცელა. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ დღეს ერთადერთი ამოცანა ომის შეჩერებაა და ეს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძიებებით არის შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრმა კი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა, ომის დაწყებიდან 5 საათის შემდეგ გამოუცხადა. სოციალურ ქსელში პრემიერმა ღარიბაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი სამხედრო ესკალაცია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ინტერვენციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა დაწერა, რომ “ქართველი ხალხი უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია”.