ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, დასავლეთის მიერ როგორც პიროვნულ, ისე ფინანსური ინსტიტუციების მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. მათი თქმით, ეს სანქციები უკრაინისა და დემოკრატიული სამყაროს მიმართ სოლიდარობის გამომხატველი იქნება, ასევე საქართველოს საკითხი იმ დღის წესრიგის ნაწილი გახდება, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით დგას. ოპოზიციაში ამბობენ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად უნდა მიიღოს.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა დაუწესა. რუსეთისადმი სანქციებს ასევე უერთდებიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და ავსტრალია. ამბობენ, რომ ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გააგრძელებს, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.