ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და იტირა. ბრალდებულმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში სიტყვა პირველად წარმოთქვა და შანაი ბრუკის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენის შესახებ მურსაკულოვმა ოჯახის წევრებს უამბო და მისი გამჟღავნების შემთხვევაში, მათ შურისძიებით – შვილის მოკვლით დაემუქრა. ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულმა შანაი ბრუკის დანით 13 ჭრილობა მიაყენა.
ავსტრალიის მოქალაქე, შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მძიმე დანაშაულში მხილებულ მამაკაცს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. განაჩენს სასამართლო 9 მარტს გამოაცხადებს.