პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მანდატისთვის მეორედ იბრძოლებს. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, “ლელომ” გადაწყვიტა, რომ ის რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს. ამ საკითხზე დღეს “ლელოს” ცენტრალურ ოფისში შიდაპარტიული მსჯელობაც მიმდინარეობდა. ექნება თუ არა ბადრი ჯაფარიძეს ოპოზიციური სპექტრის სრული მხარდაჭერა – ეს პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. “ლელოს” ცენტრალური პარტიის ოფისში პოლიტიკურ კონსულტაციებზე პირველად “ნაციონალური მოძრაობა” მივიდა. უკვე ცნობილია, რომ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას ოფიციალურად მხარს უჭერს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია.
ბადრი ჯაფარიძეს ექნება “სტრატეგია აღმაშენებელის” მხარდაჭერაც. პარტიის ლიდერის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ, თუმცა “ლელოსთან” კოსულტაციების შედეგად, რუსთავში კანდიდატურას აღარ დააყენებენ. ბადრი ჯაფარიძეს ექნება, პარტია “დროას” მხარდაჭერაც.
ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნების გადაყვეტილებას მიესალმება პარტია “გირჩი”, თუმცა ისინი მისი კანდიდატურის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ. იგივე პოზიცია აქვთ, გიორგი გახარიას პარტიაშიც. ამბობენ, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა პარტია რუსთავში არც კანდიდატურას დააყენებს. შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება არც „ევროპულ საქართველოს“ თუმცა პარტიაში ჯაფარიძის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, რომელსაც გუშინ სადეპუტატო მანდატი ჯაფარიძის მსგავსად შეუწყვიტეს, ამბობს, რომ ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და პარლამენტი უნდა დატოვოს.
მმართველი პარტია “ლელოს” გადაწყვეტილების წარუმატებლობაში დარწმუნებულია. ამბობენ, რომ 2 აპრილის არჩევნებზე ბადრი ჯაფარიძე დამარცხდება. უმრავლესობის შეფასებით, რუსთავის ამომრჩეველი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს, რადგან “ლელოს” ლიდერი კრიმინალთან კავშირშია მხილებული.
საკანონმდებლო ორგანოში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის გამო დატოვა. 2 აპრილს ამომრჩევლები რუსთავში პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. გუშინ “ქართულმა ოცნებამ” 3 ოპოზიციონერ დეპუტატს, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნატელაშვილს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ლელოს ლიდერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, სასამართლოს განაჩენი გახდა. შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის კი საპარლამენტო სხდომების არასაპატიო გაცდენები.