„მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუმცა ამავე დროს მზად ვართ უარესი სცენარისთვის“ – უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი დიპლომატიას მისცემს შანსს. სტოლტენბერგმა რუსეთს რეალური დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. გენერალურმა მდივანმა ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთგულება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ალიანსის მომავალი წევრების სახითს არა რუსეთი, არამედ 30 მოკავშირე წყვეტს.
რუსეთის შესაძლო აგრესიას პასუხობს ევროკავშირიც. „რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის“ – ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთთან დიალოგისთვის გზების ძებნას დაუსრულებლად ვერ შეეცდება. შარლ მიშელმა ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდა სიტუაციის დეესკალაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.
რუსეთი ირწმუნება, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე „გეგმური ტაქტიკური სწავლებების“ დასრულების შემდეგ, სამხედრო ქვედანაყოფებმა მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს, თუმცა დასავლეთში რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნებს ვერ ხედავენ და ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებენ, არ დაუშვას კატასტროფული შეცდომა. ჯო ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსული მხარე, რომ განახლებულ აგრესიას უზარმაზარი დანაკარგი და მძიმე შედეგები მოჰყვება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ჯერ კიდევ არსებობს, რუსული საჯარისო ნაწილების ბაზებზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია კი, მისი თქმით, ჯერ დადასტურებული არაა.
ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის ბოლომდე აპირებს. სავარაუდო თარიღად კი 16 თებერვალი დასახელდა, თუმცა ევროკავშირში რუსეთის ელჩი, ვლადიმირ ჩიჟოვი უარყოფს, რომ რუსეთი თავს უკრაინას 16 თებერვალს დაესხმება. ამის შესახებ დიპლომატმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა. ჩიჟოვის მტკიცებით, რუსეთი შეჭრას არც მომავალ კვირასა თუ თვეში არ გეგმავს, თუ უკრაინის მხრიდან „პროვოკაცია“ არ იქნება. მისი თქმით, რუსეთი ნებისმიერ ადგილზე საკუთარი მოქალაქეების ხოცვას უპასუხოდ არ დატოვებს.
“გვინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ არ გვეშინია” – უკრაინაში დღეს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეებმა სიმბოლურად უკრაინის 200-მეტრიანი დროშა გაშალეს. ერთიანობის დღის აღსანიშნავად, უკრაინაში დროშები გადმოფენილია სახელმწიფო უწყებების შენობებიდან, კერძო დაწესებულებებსა და სახლების ფანჯრებიდან. ქვეყნის მთავარსარდლის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით, ათასობით უკრაინელი ქუჩებში გამოვიდა და რუსეთს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სამშობლოს დასაცავად უკან არ დაიხევენ.
უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც უკრაინელების ერთიანობა და დღეს ყველას ერთი სურვილი აერთიანებს – სამშობლოში მშვიდობიანი ცხოვრება. უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე მიულოცა რადას თავმჯდომარემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის ერთიანობა რუსეთიდან მომავალი აგრესიის პასუხია. მისი თქმით, აგრესორს პანიკის დათესვა და უკრაინის დაქუცმაცება სურდა, თუმცა ძლიერი უკრაინა მიიღო, რომელიც ნებისმიერს ვინც შეიჭრება, პასუხს გასცემს.
უკრაინის საზღვარზე ვითარება 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიძაბა. რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად შეაფასეს. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.