პოლიტიკური ბოიკოტი არ შეიძლება მიჩნეული იყოს არასაპატიო გაცდენად – ნათელაშვილი | 10.02.2022

პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც  პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შალვა ნათელაშვილმა თქვა, ის საკანონმდებლო ორგანოში შევა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ  ამ გადაწყვეტილებით,  იმ მხარდამჭერების მოთხოვნას ასრულებს, ვინც Facebook-გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და მის პარლამენტში შესვლას მხარი დაუჭირა. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე უარს  2020 წლის  ოქტომბრიდან ამბობდა. მისი შეფასებით, საპარლამენტო  არჩევნები გაყალბდა, რის გამოც პარტია ბოიკოტის რეჟიმში იყო. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გეგმავს. საკითხს მხარი უკვე დაუჭირა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა. საბოლოო გადაწყვეტილება  პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ მომდევნო კვირას უნდა მიიღონ. ნათელაშვილთან ერთად, “ქართული ოცნება” მანდატის გაუქმებას ელენე ხოშტარიასთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აპირებს.   შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენა სახელდება.  რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია.