მოსკოვის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს კიევჩი ჩავიდა. ემანუელ მაკრონი უკვე შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მაკრონი აცხადებს, მან მიიღო გარანტიები როგორც პუტინისგან ისე ზელენსკისგან, რომ მინსკის შეთანხმება არ დაირღვევა. უკრაინის პრეზიდენტმა კი ფრანგ კოლეგას უკრაინის დასაცავად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
ემანუელ მაკრონი კიევში მოსკოვიდან ჩაფრინდა, სადაც წუხელ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები კრემლში, დახურულ კარს მიღმა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე მოგვიანებით პუტინმა და მაკრონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საკუთარი პოლიზიციები დააფიქსირეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას პირდაპირ უთხრა, რომ საქართველო, უკრაინა, ბელარუსი და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს. ემანუელ მაკრონმა აღნიშნული ქვეყნები ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილად დაასახელა, ისაუბრა სტაბილურობისთვის ახალი მექანიზმების შექმნაზე, თუმცა აღნიშნა რომ, ეს ფუნდამენტურ პრინციპებზე კომპრომისით ვერ მოხდება. ვლადიმერ პუტინი კი რიტორიკას არ ცვლის და აცხადებს, რომ რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების კატეგორიული წინააღმდეგია.
უკრაინა-რუსეთის კრიზისი გუშინ განხილვის მთავარი თემა იყო ვაშინგტონშიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი მზად არიან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარას ერთობლივად დაუპიროსპირდნენ, ამ კონტექსტში კი ბაიდენმა სანქციების ძლიერ პაკეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აირჩევს ჩრდილოეთ ნაკადი 2 გაჩერდება. აგრესიის შემთხვევაში რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას მხარს უჭერს ოლაფ შოლციც, რომელიც გერმანიის კანცლერის რანგში გუშინ შეერთებულ შტატებს პირველად ეწვია.
უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების ფონზე, ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდების საკითხი განიხილეს ამერიკისა და ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატებმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ,.
უკრაინის საზღვარზე ვითარება 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიძაბა. რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად შეაფასეს. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.