რუსეთ–უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დღეს გერმანიის კანცლერი შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ოლაფ შოლცი და ჯო ბაიდენი უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრებენ. ორივე ქვეყანა საფრანგეთთან და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაეკისროს. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას დიდი ფასი ექნება, თუმცა, იმედოვნებს, რომ საკითხის გადაჭრა დიპლომატიური გზით იქნება შესაძლებელი.
მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ემზადება უკრაინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება twitter-ში წერს, რომ უკრაინას ძლიერი არმია ჰყავს და უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს. ის მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს აპოკალიფსური პროგნოზები არ დაიჯერონ.
“დღეს უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი,”- წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ომის მოლოდინში მყოფმა უკრაინამ მოხალისეების წვრთნებიც დაიწყო. მსურველებს იარაღის მოხმარებას და პირველადი დახმარების გაწევას ასწავლიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მოხალისეებს ინსტრუქტაჟს ულტრამემარჯვენე პარტიის ეროვნული კორპუსის წარმოამდგენლები უტარებენ.
პარალელურად ესტონეთში, რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში ესტონეთის, საფრანგეთის და ბრიტანეთის სამხედროების ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს. სწავლებაში 1400-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამასთან პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით პოლონეთში უკვე ჩაფრინდნენ ამერიკელი სამხედროები. ისინი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის სიახლოვეს განლაგდებიან.