“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს მოსამართლეს ადვოკატმა ისევ მიმართა, თუმცა, ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიჩნია, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა და რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობა კვლავ ძალაში უნდა დარჩეს. შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმ მოწმეების დაკითხვის საფუძველზე დააყენა, ვინც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. ბრალდების მხარე კი განმარტავს, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და საფრთხეები კვლავ არსებობს.
გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს ოპოზიცია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც სასამართლო პროცესს დაესწრო, ხელისუფლებას მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ახლა მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს, თუმცა არჩევნების შემდეგ რურუა აუცილებლად გათავისუფლდება.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ოპოზიციურ ტელეკომპანიას უკავშირდება. რურუას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს ოპოზიციაც. ამბობენ, რომ დიპლომატიურ კორპუსთან 8 მარტს აღებული ვალდებულებით მმართველმა გუნდმა ციხის საკანი გიორგი რურუასთვისაც უნდა გააღოს.