რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული რეზოლუცია რუსეთის გარეშე – უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. “ქართულმა ოცნებამ” ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნის მხარდამჭერი ტექსტი შეიმუშავა, თუმცა მასში რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა ნახსენები არ არის. ეს კი სამოქალაქო საზოგადოებას მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეზოლუცია კრემლთან შეთანხმებით მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, პროექტი რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა ანტისახელმწიფოებრივია, ვინაიდან მასში რუსეთის აგრესია ნახსენები არ არის.
უკრაინის მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივი რეზოლუციით გეგმავდა. ამისათვის, გუშინ, პარლამენტში კონსულტაციები ორჯერ გაიმართა, თუმცა მეორე შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ “ქართულმა” ოცნებამ ოპოზიციასთან შეთანხმებული პირველადი ვერსია შეცვალა და საბოლოო ტექსტიდან რუსეთის აგრესია ამოიღო. ეს კი ოპოზიციისთვის საკვანძო საკითხი იყო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში რუსეთთან დაკავშრებით მკაცრი ფორმულირება არ ჩაიწერება, რეზოლუციის პარლამენტში ინიცირება მმართველ პარტიას, ოპოზიციის გარეშე მოუწევს. დეპუტატების შეფასებით უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი არის შეშინებული ტექსტი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში არსებულ რეალობას არ პასუხობს.
მმართველ გუნდში კი ოპონენტებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ყველა სიტყვა საქართველოს და უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაიწერა. “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, რომ ტექსტში საერთაშორისო პარტნიორების რჩევები გაითვალისწინეს.
შეთანხმდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერი ადეკვატური დოკუმენტი მიიღოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ კონსენსუსი ვერ შედგება ოპოზიცია პარლამენტს საკუთარ რეზოლუციის პროექტს წარუდგენს.