ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. ისინი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვეს. ამბობენ, რომ შეთავაზება, ქირით გადაყვანის შესახებ, მათთვის მიუღებელია, ასევე ითხოვენ იმ თანხის გაზრდას, რასაც სახელმწიფო დევნილების მიერვე მოძიებულ ბინებში გადაიხდის. სამინიტროსთან შეკრებილებმა მინისტრს კონკრეტული წინადადებებით მიმართეს და მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ვადას ხვალ საღამომდე მისცეს. დევნილების თქმით, შენობა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამორტიზებულია, იშლება და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.
დევნილების პრობლემას დღეს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ორი ალტერნატიული გზა შესთავაზა. პრემიერი დევნილებს სთავაზობს, თავად აირჩიონ ბინა თბილისში, რომელსაც სახელმწიფო შეისყიდის. მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები უკვე თვეებია ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, რამდენიმე დღის წინ, სანატორიუმის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.