უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზეა, დასავლეთი კი კონფლიქტის განმუხტვას მოლაპარაკებებით ცდილობს. ჟენევაში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმიდინარეობდა. როგორც სერგეი ლავროვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადება კიდევ ერთხელ გაიმეორა და მოითხოვა, რომ ნატო-მ გაფართოვება და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს შეიარაღების განლაგება შეწყვიტოს. ენტონი ბლინკენმა კი სერგეი ლავროვს კიდევ ერთხელ გადასცა მთავარი გზავნილი, რომ თუ რუსეთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს და სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს.
მოლაპარაკებები კი სერგეი ლავროვმა ულტიმატუმით დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს კრემლის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააცნო და კონკრეტული პასუხის გაცემა მოითხოვა. რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან, გაუქმდეს. ამერიკა კი აცხადებს, რომ მსგავს ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას არ აპირებს.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მკაცრი საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა, შეჭრა იქნება და ამას ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
რუსეთ-უკრაინის შორის შექმნილ ვითარებას ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტიც. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდეს. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ვლადიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი თურქეთში პირისპირ შეხვედრას დათანხმდებიან.
მასშტაბური სტრატეგიული შეცდომის დაშვებამდე ვლადიმერ პუტინს უკან დახევისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლიზ ტასი პირდაპირ ამბობს, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მთელს მსოფლიოს ეხება, ამიტომ ის მოუწოდებს თავისუფალ სამყაროს ფეხზე წამოდგეს.
ვიდრე დასავლეთი უკრაინა- რუსეთს შორის ვითარების გამუხტვას ცდილობს, უკრაინის საზღვრებთან ვითარება სულ უფრო იძაბება. რუსეთმა ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს სასაზღვრო ზონაში 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ამის გათვალისწინებით კი უკრაინის თავდაცვის უწყება არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს.