სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების პროტესტმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მოთხოვნები უცვლელია – ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სოციალური აგენტები მგზავრობის საფასურის ანაზღაურებასაც ითხოვენ და ამბობენ, რომ ბენეფიციარებთან მისასვლელად ხარჯების გაწევა საკუთარი სახსრებით უწევთ, მაშინ როდესაც 100-ზე მეტი სახლი აქვთ შესამოწმებელი. გაფიცულები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხელფასების 60%-ით გაზრდა მათთვის არასაკმარისია, ამიტომ ისინი დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი სოცმუშაკებს არ შეხვედრია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების პროტესტს უერთდებიან პოლიტიკოსები. ისინი სოციალურ აგენტებს სოლიდარობას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ მათი პროტესტი შედეგს გამოიღებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია ბათუმშიც გამართეს. სოციაური აგენტები აჭარის ჯანდაცვის სამიჯნისტროსთან შეიკრიბნენ და ხელფასების 100%-ით გაზრდა მოითხოვეს. ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, ამ ფონზე კი სააგენტო ტრანსპორტის და სამივლინებო ხარჯებსაც არ ანაზღაურებს. სოც მუშაკები პროტესტის გაგრძელებას იქამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
სოციალური აგენტები უკვე მეოთხე დღეა გაფიცულები არიან და მუშაობაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ სოციალური მომსახურების სააგენტოები. 400-ზე მეტი სოციალური აგენტი გაცემული დაპირების შესრულებას და ხელფასების 100%-ით გაზრდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტენ და პროტესტს გააგრძელებენ.