მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები თავისუფლები არიან. ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო. დაცვის მხარე განმარტავდა, დანაშაულის აღიარების შემდეგ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი უნდა შეცვლილიყო. შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე. ბრალდებულებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას კი ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.