მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში აზრთა სხვადასხვაობაა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კოლეგა დეპუტატებთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მზად არის ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში დაბრუნდეს, თუ პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერენ “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატები. საგამოძიებო კომისის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ გიორგი გახარიას პარტიას. ხისტია პარტია “მოქალაქეების” პოზიციაც, ინიციატივის მხარდაჭერის ნაცვლად კი საკუთარ პირობებს აყენებს “გირჩი”. სწორედ ლევან იოსელიანს და იაგო ხვიჩიას შეხვდა დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.
საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე საუბრობს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე, რომელმაც პატიმარი ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. იურისტის შეფასებით, საპარლამენტო ბერკეტის გამოყენება რეალობის დასადგენად აუცილებელია. მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
დღეს რუსთავის ციხეში სააკაშვილმა ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინპექტორის წარმომადგენლები მიიღო. საგამოძიებო უწყების ინტერესის საგანია გორის ჰოსპიტალში განხორციელებული სავარუდო ძალადობის ფაქტი.
რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად პირად ექიმებსა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს ამ დრომდე არ უშვებენ. ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს. კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა კონფიდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმარი აპირებს კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის ვადა ხვალ, 6 იანვარს იწურება.