„დაჩქარებული და გაუმჭირვალე პროცესი“ – ასე ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ქართული ოცნების ახალ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გულისხმობს. კელი დეგნანი პირადად იმყოფებოდა ინსპექტორის სამსახურის ოფისში და ლონდა თოლორაიასგან მოისმინა იმ კანონპროექტის შესახებ, რომლის მიღებასაც პარლამენტი დაჩქარებული წესით გეგმავს. ამერიკის ელჩს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, ყველაზე შემაშფოთებელი და რთულად ასახსნელია ის, რომ ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.