ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბედისწერო წვეულების დეტალები გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ მცხეთაში, აგარაკზე მყოფ მოზარდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა და მცხეთაში რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი სწორედ აქედან იკარგება. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი მეგობარი, გუკა ამირხნაშვილი დანაშაულში მხილებულმა პირებმა იპოვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
გახმაურებული საქმის 17 ფიგურანტს სხვადასხვა დანაშაულს ედავებიან, თუმცა საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება კიდევ დამძიმდეს. მთავარი კითხვა, არის თუ არა მოკლული გიორგი შაქარაშვილი – კვლავ პასუხგაუცემელია.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი – გიგა ტატიაშვილია. დაკავებულებს შორისაა „ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძეც. ბრალდებულთა შორის არიან მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, რომლებიც დაპირისპირების ღამეს, “ტოიოტას” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ადვოკატის მტკიცებით, როდესაც მორაგბეები აგარაკზე მივიდნენ, კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფები მასში არ მონაწილეობდნენ.
დაკავებულთა შორისაა დაბადების დღის წვეულების ერთ ერთი მონაწილე თენგო ბარბაქაძე. ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირთან ერთად კონფლიქტის შემდეგ თბილისში წამოვიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მეგობრების წასაყვანად უკან დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი ხიდთან. იურისტი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, თუმცა იქ გიორგი შაქარაშვილი არ ფიგურირებდა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. ერთ-ერთის ადვოკატი ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი ჩხუბის არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც, ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მძიმე ბრალდებას უყენებს. გიორგი გელხაურის თქმით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვისას, არასრულწლოვანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ამ ინფორმაციას საეჭვო უწოდეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა თქვეს, რომ ფაქტს შეისწავლიან.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე აცნობა. სამაშველო სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყო. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძიების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭის კვალი სწორედ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგებოდა, იქვე ნახეს მისი კუთვნილი ნივთებიც.