თითქმის 2 თვიანი პატიმრობის და 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სკამზე დღეს პირველად აღმოჩნდა. შუშის ბარიერს მიღმა მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მოსახლეობას დღეს პირველად მიმართა და თქვა, რომ თუ საქართველოს მისი სიცოცხლე დასჭირდება, მას უპირობოდ დათმობს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებზე დღეს პირველად ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებას ტრაგედია უწოდა და თქვა, რომ ამ საქმეს ეს სახელწოდება მხოლოდ პიარის გამო დაარქვეს.
სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზეც. სწორედ ამ ბრალდებას განიხილავდა დღეს მოსამართლეთა კოლეგია. ექსპრეზიდენტი 2007 წელს მომხდარ დარბევაზე პასუხისმგებლობას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს. მსჯავრდებული ამბობს, რომ საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია.
ბრალს არ აღიარებს, თუმცა მსჯავრდებულმა მისი პრეზიდენტობის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.სააკაშვილის თქმით იყო გადაცდომები, რომელსაც ნანობს. ექსპრეზიდენტი ბოდიშს იხდის, რომ ვერ შექმნა დამოუკიდებელი სასამართლო.
მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ეპიზოდი გაიხსენა. თქვა ისიც, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეც საუბრობს.
დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა მიზეზი, თუ რატომ დაბრუნდა ქვეყანაში. თქვა, რომ შეიძლებოდა გზაში ვინმეს მოეკლა ან ჩაესვათ დილეგში, საიდანაც მისი შეფასებით, ცოცხლად გამოყვანის შანსი მინიმალურია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემდეგი სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება.