“ნაციონალური მოძრაობა” სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ მათი თანაგუნდელი ყოფილი ძალოვანების, აჭარის თავჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამისა და ხელვაჩაურის მერის ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა. ჩანაწერით ირკვევა, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, მათ შორის 100 000 დოლარის სანაცვლოდ, პარტიის დატოვებასა და საკრებულოში მუშაობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სთავზობდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის, მისი მამისა და ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის, ზაზა დიასამიძის გადადგომას ითხოვოს.
აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, 46 წუთიანია. ოპოზიციის წევრის, გიორგი კირთაძის, თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდნენ.
მომხდარის გამო, “ნაციონალური მოძრაობა” გამოძიების დაწყებას ითხოვს. განცხადებები გაკეთდა თბილისშიც. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, მხილებული უნდა იყოს ყველა ის პირი, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობაში მონაწილეობდა.
უცნობია რა პოზიცია აქვთ ჩანაწერში ფიგურანტ პირებს, თუმცა ოპოზიციის ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს. თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ ოპოზიციის ბრიფინგის დაწყებამდე თქვა, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი რეალურად არ ფიგურირებს, ყველას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.
თანაგუნდელზე ზეწოლის შესახებ განცხადება “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 ნოემბერსაც გააკეთა, ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძეს ესწრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი 18 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა.