ცდილობს თუ არა “ქართული ოცნება” გიორგი რურუას საპატიმრობაში დატოვებას. “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის ადვოკატებმა “ქართული ოცნების” დეპუტატის, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი წარმოადგინეს, სადაც მათი შეფასებით რურუა დაუსაბუთებლად არის გამოცხადებული დამნაშავედ და კრიმინალად. ადვოკატების ინფორმაციით, კუჭავას მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილ წერილში საუბარია რურუას წარსულ ცხოვრებაზე – მათ შორის მხედრიონის წევრობაზე. იურისტების შეფასებით, კახა კუჭავას მიერ გაგზავნილი წერილის მთლიანი შინაარსი ცილისწამებაა.
წერილს, რომელიც ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპარლამეტარებს გაუგზავნა – სასამართლო დარბაზში თავად გიორგი რურუა გამოეხმაურა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დაკავებული “მთავარი არხის” მეწილე ამბობს, რომ კახა კუჭავას პასუხს აუცილებლად გასცემს. რურუა მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
თავად წერილის ავტორი ამბობს, რომ ევროპარლამენტში გაგზავნილი ინფორმაცია არაფორმალურია და მას ინფორმაციული ხასიათი აქვს. თუმცა კახა კუჭავა ირწმუნება, რომ რურუას მიმართ წაყენებული ბრალდებები ფაქტებზე დაყრდნობით არის მოპოვებული. გიორგი რურუას შესახებ, უცხოელი პარტნიორების ინფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობენ “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებიც.
გიორგი რურუას შესახებ, “ქართული ოცნების” მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილი წერილი – ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის ციხეში ყოფნა ივანიშვილის გუნდის პირდაპირი დაკვეთაა.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ოპოზიციურ ტელეკომპანიას უკავშირდება. რურუას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს ოპოზიციაც. ამბობენ, რომ დიპლომატიურ კორპუსთან 8 მარტს აღებული ვალდებულებით მმართველმა გუნდმა ციხის საკანი გიორგი რურუასთვისაც უნდა გააღოს.