პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელება დაგმო, ოპოზოცია აფასებს. ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ეს არაფრისმთქმელი გამოსვლა საერთაშორისო საზოგადოების წნეხის შედეგი იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ზურაბიშვილის მხრიდან მკაფიო გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ იმასაც რომ მათ ამის იმედი არ აქვთ.
პრეზიდენტის პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებაზე, შეფასეს მმართველ გუნდშიც. “ქართულ ოცნებაში” განმარტეს, რომ კადრების გავრცელება მათი სურვილით არ მომხდარა და ამას თავად რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა.
პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი მის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. ზურაბიშვილი თვლის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება დიდი გამოწვევაა და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, ქვეყნის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. მოქმედი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაცვას ეხება, უფრო მაღალი სტანდარტია საჭირო, ვინაიდან საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.