მეტროსადგურები “ავლაბარი”, “ვაგზლის მოედანი” და “უნივერსიტეტი” – ოპოზიციამ 3 ადგილიდან მორიგი საპროტესტო მსვლელობა დააანონსა. ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვეტილება კოალიციური შეთანხმებით მიიღეს და მოსახლეობას მოუწოდებენ, მშვიდობიან, საყოველთაო დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღონ, სადაც ხელისუფლების პოლიტიკას გააპროტესტებენ.
უწყვეტი მშვიდობიანი აქციების მთავარი მიზანი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი და დასავლური კურსი საფრთხეშია და “ქართული ოცნება” ამას უკვე აღარც მალავს. ამბობენ, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე „რუსული ტიპის ავტოკრატიას“ ემსგავსება.
“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით პერმანენტული აქციები თბილისში 8 ნოემბრიდან სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად იმართება. უწყვეტი საპროტესტო აქციების მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.