ხმაური და დაპირისპირებები ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან დღეს დილიდან დაიწყო. ოპოზიციის საპროტესტო აქციები თბილისში ერთდროულად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მოდულის შენობასთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან პოლიტიკოსები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო. სუს-ის შენობასთან ათეულობით ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. პოლიციამ მიზეზად სახელმწიფო შენობის პიკეტირება დაასახელა, თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ. სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის დაკავებაც სცადეს, მიუხედავად იმისა, რომ მას დეპუტატის მანდატი იცავს.
დაკავებების სერია გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროსთანაც, სადაც სამართალდამცავების სრული მობილიზება იყო გამოცხადებული. აქციის მონაწილეებს, რომლებიც საკუთარ პროტესტს აფიქსირებდნენ აქაც უმიზეზოდ აკავებდნენ. ტიკარაძის უწყებასთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო იუსტიციის სამინისტროსთანაც. შელაპარაკება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან, თეიმურაზ კუპატაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს შორის მოხდა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევან ხაბეიშვილმა კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი 18 აპრილს შეძენილ მილიონიან ქონებას მალავს. თავის მხრივ, თემურ კუპატაძემ ინფორმაცია უარყო და ლევან ხაბეიშვილს “პროვოკატორი” უწოდა.
ოპოზიციამ საპროტესტო ტალღა 8 ნოემბრიდან დაიწყო. ამბობენ, რომ აქციები იქნება უწყვეტი და ხელისუფლებას მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან. პროტესტის მონაწილეები პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და ასევე გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.